პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.
სამთავრობო გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები უსმენენ.
5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავიანთ გეგმებს მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და ივანე მაჭავარიანი წარადგენენ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათმა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების რეგისტრაცია გააუქმა და მანდატებზეც უარი თქვა.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს:
ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, X მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.